მას შემდეგ, რაც მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად იქცა, მთავრობამ ამ ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა პირად კონტროლზე აიყვანა. ხელისუფლება პირობას დებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემები არ იქნება.
კარანტინის წესების გამკაცრებამ ორივე მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობა თითქმის შეაჩერა. თუმცა არის გამონაკლისებიც. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში დღეს სწორედ იმ ობიექტების სიის შექმნა დაევალათ, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად, საკარანტინო ზონაში ოპერირებას მაინც განაგრძობენ.
"არემჯი ჯგუფი" ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც საკარანტინო ზონაში ოპერირებს და რომელიც წესების გამკაცრების შემდეგ, თითქმის გაჩერდა. საკითხი კომპანიის წარმომადგენელმა დღეს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა. "არემჯიმ" გიორგი გახარიასგან პირობა მიიღო, რომ გარკვეული წესებისა და პროტოკოლის დაცვით, კომპანია მუშაობას განაახლებს.
"არემჯი ჯგუფთან" ერთად, პრემიერ-მინისტრს ბიზნესწრეებისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ამ ვითარებაში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის როლი და ერთობლივი თანაშრომლობის შესაძლებლობები - ეს იყო პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემები.
მთვარობამ კერძო სექტორს თავისი გეგმები გაუზიარა, თავის მხრივ პრემიერს საკუთარი სამოქმედო ნაბიჯები გააცნეს ბიზნესმენებმა. კერძო სექტორის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაა.
სოციალური საჭიროებების მქონე მოსახლეობის დახმარება და ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა - ამ ორი მიმართულებით დაიხარჯება თანხა, რომელიც stopcov ფონდში მოიყრის თავს. ფონდს კონკრეტული კონტრიბუტორები უკვე ჰყავს, მათ შორის არიან მოქალაქეები და ბიზნესმენებიც.
სახელწიფო და კერძო სექტორი თანამშრომლობაზეც თანხმდება და იმ პოზიციაზეც, რომ კორონავირუსთან, როგორც გლობალურ გამოწვევასთან გამკლავება, მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეიძლება.