ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკონომიკა იმ გამოწვევებს გაუძლებს, რომლის წინაშეც ის კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის გამო აღმოჩნდა. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" ისაუბრა.
ნათია თურნავას თქმით, ამის თქმის საფუძველს რამდენიმე საკითხი აძლევს ეს არის საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და ეფექტური პოლიტიკა, ქართული ეკონომიკის ის მდგომარეობა, რომლითაც ის კრიზისს შეხვდა და თანამშრომლობა საერთაშორისო დონორებთან და ბიზნესის სოლიდარობა:
"მე საკმაოდ მყარი რწმენით ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკა ამ გამოწვევას გაუძლებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა არის ძალიან დიდი და გლობალური. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩვენი ეფექტური კორდინირებული პოლიტიკა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაჩერდეს და მზად იყოს პირველივე დადებითი სიგნალის მიღების შემდეგ, უცებ დაუბრუნდეს განვითარების ტემპს. ეს არის ის რეზერვი და რესურსი, რითიც ეკონომიკა დახვდა ამ გამოწვევას. ჩვენი ეკონომიკა დახვდა მომზადებული, ჩვენ ვიყავით ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის მიხედვით, - განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სახელმწიფოები იმდენად დიდ გამოწვევის წინაშე დადგნენ, რომ დამოუკიდებლად და დახმარების გარეშე ამ გამოწვევას ვერ დაძლევენ.
"ჩვენ გვაქვს წინასწარი პოზიტიური გამოხმაურება, მათი მზადყოფნა და საჭიროების შემთხვევაში, მათი რესურსიც იქნება ხელმისაწვდომი," - აღნიშნა თურნავამ, რომლის თქმიტაც ამ პროცესში, ასევე, მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან გამოჩენილი სოლიდარობა.