18 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
სამგზავრო ავიაბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს - საგარეო საქმეთა მინისტრი

დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოფრენისთანავე 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანის განმარტებით, სპეცრეისების ბილეთის ფასი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მითითებით 199 ევროს არ უნდა აღემატებოდეს. მისი თქმით, ეს პრინციპი მკაცრად უნდა იყოს დაცული და ასევე მკაცრად გაკონტროლდება.

"რაც შეეხება უახლოეს 2 ფრენას ვენის და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს შესაბამისად 26 და 31 მარტს, როგორც უკვე ცნობილია კომპანია "აირზენას" თბილისის-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი რეგულაციების გამო გაუქმდა.

შედეგად ჩვენ ამჟამად ვენაში გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილი თავშესაფრით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში.

ანალოგიური ვითარება გვაქვს ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ რეისებზე გაყიდული ბილეთების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებიც საელჩოს დახმარებით უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების პროდუქტებით.

ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, მხედველობაში მაქვს ვენა და ამსტერდამი, დავაბრუნოთ სამშობლოში და სამწუხაროდ მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი ფაქტობრივად სრულად ივსება. მეტი გამჭვირვალობისთვის და სანდოობისთვის ჩვენი მოთხოვნით, კომპანია მზად არის გამოაქვეყნოს შესაბამისი დამატებითი დოკუმენტაცია.

რაც შეეხება შემდგომ ფრენებს ვარშავა, ათენი და ლარნაკას მიმართულებით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით. რეისის შესრულების თარიღიდან რამდენიმე დღით ადრე ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებგვერდზე.

აღნიშნული რეისები განხორციელდება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდება წინასწარ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია "აირზენას" ვებგვერდზე.

პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის ხაზს ვუსვამ, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ბიზნეს, თუ ეკონომკლასი, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს და ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული და რა თქმა უნდა გაკონტროლდება.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს," - განმარტა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები