მარტოხელა მოხუცებს კერძო სექტორი და მერია ეხმარება. დღეს ხანდაზმულებს საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგეს.
ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში შეუძლიათ.
"დეველოპერულმა კომპანია "არქიმ" შესაბამისი პროდუქტები მოიტანა იმისათვის, რომ დღეიდან ის ათივე რაიონში გადავანაწილოთ და დავურიგოთ იმ ადამიანებს, ვინც სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს," - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
"არქის" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ისინი სიამოვნებით შეუერთდნენ მერიის ინიციატივას.
"500 ყუთი სურსა-სანოვაგე გავამზადეთ ხანდაზმულებისთვის, ჩვენ სიამოვნებით შევუერთდით მერიის ინიციატივას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ხალხი გარეთ არ გამოვიდეს და ჩვენ მათი დახმარება ასე შევძლოთ," - აღნიშნა დეველოპერულმა კომპანია "არქის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ილია წულაიამ.