18 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს მიმართავს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებას და ამასთან დაკავშირებით საეკლესიო მსახურებაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ეხება, სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილი ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში აქცენტია გაკეთებული  საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა "არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე".

"ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, "ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა" წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას.  ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება, უპირველეს ყოვლისა, მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა "ერთი ბარძიმის" ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.

თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა "არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე", როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა."- ნათქვამია სასულიერო პირებისა და თეოლოგების განცხადებაში.

განცხადებაზე ხელმომწერთა შორისაა მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი დეკანოზი ილია ჭიღლაძე.  მისი თქმით, პრევენციული ზომები, რომელსაც ეკლესიათა უმრავლესობამ მიმართა აუცილებელია იმისთვის, რომ ეკლესიურობა და ქრისტიანობა არ იქცეს "სიკვდილის ცელად":

"წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა სრულმა უმრავლესობამ მიმართა პრევენციულ ზომებს, როგორიციაა ერისკაცთათვის შეზღუდვა საჯარო ღვთისმსახურებაზე, ვიტოვებ იმედს, ეკლესია საბოლოოდ გამოიტანს ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს საჯარო ღვთისმსახურებების დროებით შეჩერებას, სადაც მხოლოდ რამდენიმე პირი მღვდელი, დიაკონი, მედავითნე დადგება წირვაზე და იქ არ იქნება მასობრივი თავშეყრა. ეს იქნება საუკეთესო პრევენცია იმისთვის რომ ეკლესია, ეკლესიურობა და ქრისტიანობა არ იქცეს "სიკვდილის ცელად", "- განაცხადა  დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს მაგალითად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიდგომები მოჰყავს. მისი თქმით, გაუგებარია რატომ არ იზიარებს ამ მიდგომას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:

"მე ვერ ვხვდები რატომ არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო ის მიდგომები, რაც გააკეთა სხვა ეკლესიებმა, მსოფლიო საპატრიარქომ, რუმინეთის ეკლესიამ, ბულგარეთმა, რომლებმაც ხალხისთვის დახურეს ეს მსახურებები და მოუწოდეს მათ, რომ მისდიონ მათ ტელე-რადიო საშუალებებით,"- განაცხადა თეოლოგმა გურამ ლურსმანაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ-მონაზონი, საბერძნეთში მოღვაწე ირინეოს შენგელია უზენაესი მზრუნველობის გამოხატულებად მიიჩნევს იმას, რომ მსოფლიო საპატრიარქომ და სხვა არაერთმა ეკლესიამ მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

"ეკლესიამ გამოამჟღავნა დედობრივი ინსტინქტი, როდესაც საკუთარ შვილებს მოუწოდა სახლში დარჩენისკენ და გამოხატა უზენაესი მზრუნველობა, როდესაც ღვთის მსახურება არ შეწყდა და პირიქით,  სასულიერო პირები დარჩნენ ტაძრებში და ისინი აღასრულებენ ღვთისმსახურებას მრევლისთვის, რომელსაც უწევს დროებით სახლში დარჩენა,"- აღნიშნა ირინეოს შენგელიამ.

 

დღის ამბები