სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის რისკი ჯერ კიდევ არსებობს. საფრთხე კორონავირუსის გამო მსოფლიოში და მათ შორის, საქართვლოში შექმნილი კრიზისია. დღეს სხვადასხვა ქსელურ მაღაზიაში მოხმარებელს განსხვავებული ფასები დახვდათ. მაგრამ არა იმ 9 ძირითად პროდუქტზე, რომელიც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია .
მომდევნო 2 თვის განმავლობაში ძირითადი მომხმარების პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდება. ამ პროგნოზებს აკეთებენ მსხვილი სასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელები. აგროჰაბის დირექტორის თქმით, დაწყებული აქვს დამატებით მოლაპარაკებები მომწოდებლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ 9 დასახელების პროდუქტის გარდა, არსებული ფასები შენარჩუნდეს დამატებით 50 პროდუქტზეც.
ძველი ფასები მეტ-ნაკლებად, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია მსხვილ სასურსათო მაღაზიათა ქსელში. კომპანიები ამბობენ, რომ სურსათის ფასებს ბაზარზე ლარის კურსი არეგულირებს, თუმცა ამ ეტაპზე, ცდილობენ, რომ ფასის ცვლილება ძირითად პროდუქტებს არ შეეხოს.
სურსათის მიწოდება რომ უზრუნველყოფილი იყოს და ფასები სპეკულაციურად არ გაიზარდოს, პროცესს მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი აკვირდება. დღეს ჯგუფის შეხვედრაზე დისტრიბუტორთა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს პროექტის პირობები და პროცედურები გააცნეს.
სურსათზე ფასების შენარჩუნება სახელმწიფო პროგრამამ უნდა უზრუნველყოს. ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად პროდუქტის იმპორტს განახორციელებს ქვეყანაში, მთავრობა სავალუტო კურსის სხვაობას აუნაზღაურებს. პროგრამის საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.