სპეციალური ხსნარით თბილისის ქუჩები გასული ღამის განმავლობაში კიდევ ერთხელ დამუშავდა. სადეზინფექციო სითხის შესხმა ამჯერადაც მანქანებიდან მოხდა.
თბილისის მერიის განმარტებით, გამოყენებული ხსნარი ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. თბილისის მერი კახი კალაძე ეპიდემიის აფეთქების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"ვაგრძელებთ პრევენციულ ღონისძიებებს. სადეზინფექციო სამუშაოები იქნება განხორციელებული, რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და როგორც ვარკეთილში, ასევე ათივე რაიონში იქნება დამუშავებული ანალოგიური ხსნარებით ყველა ქუჩა," - განაცხადა კახა კალაძემ.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტერიტორიებს, სადაც ხალხის განსაკუთრებული სიმრავლეა. აქცენტი ამჯერად სკვერებსა და ბაზრობებზე გაკეთდა.
"პირველი ეტაპი შეადგენდა ავტობუსების გაჩერებებს, მეტროს ჩასასვლელებს და სხვა ისეთ ადგილებს, სადაც ხდება საზოგადოების შეყრა. გრძელდება შემდეგი ეტაპი, დღეს არის სკვერები, ბაზრობები და სხვა მნიშვნელოვანი ქუჩები, სადაც მაღალი არის ინტენსივობა," - აცხადებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი.