ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ტესტი, რომელიც ქვეყანაში იქნება გამოყენებული, ხარისხსა და ვალიდურობაზე ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდება.
მისი თქმით, ხელშეკრულება იმ ჩინურ კომპანიასთან, რომლის პროდუქცია ესპანეთში წუნდებული აღმოჩნდა, უკვე ანულირებულია.
"იმ კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და ეს კომპანია მსგავსი ტიპის მოლაპარაკებაში და ხელშეკრულებით ვალდებულებებში იმყოფებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან, ამ კომპანიამ თავად შეგვატყობინა და გამოსცა განგაშის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მისი ტესტი აღმოჩნდა წუნდებული. ის პარტიები მთლიანად გაჩერდა. ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ მანამდე, ვიდრე რომელიმე ეს ტესტი ქვეყანაში შემოვიდოდა. შესაბამისად, ეს ხელშეკრულება არის მთლიანად ანულირებული და ამ კომპანიასთან ჩვენ აღარ ვაგრძელებთ თანამშრომლობას.
არის ალტერნატიული კომპანიები, რომლებიც ემყარება სხვადასხვა სარწმუნო შეფასებას მათი რეპუტაციის და შესაძლებლობების შესახებ. ეს კომპანიები გვთავაზობს მცირე რაოდენობის ტესტების წინასწარ შემოტანას ქვეყანაში იმისთვის, რომ მოხდეს ტესტის ვალიდურობის, სარწმუნოობის შეფასება ჩვენს გარემოში. მხოლოდ ამის შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენ მოლაპარაკებას უკვე შესყიდვაზე ალტერნატიულ კომპანიასთან," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომპანიასთან Bioeasy ხელშეკრულების ანულირებაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კომპანიისთვის ხელისუფლებას თანხა გადარიცხული არ ჰქონდა.