საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მინისტრის ინფორმაციით, ასევე ინტენსიურად კონტროლდება საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი, რომელთა დარღვევისთვის კანონით დაწესებული ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავებმა უკვე გამოწერეს.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, გუშინ, 26 მარტს, ჩამოფრინდა გეგმური ჩარტერული რეისი ვენიდან, რომლის ბორტზე მყოფი საქართველოს 180-მდე მოქალაქე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოძიებულ ერთ-ერთ სასტუმროში სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლის.
ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტიდან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია 5 ინფიცირებულის მდგომარეობა. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4 505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.
ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ "ცხელების ცენტრები". აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე ქვემო ქართლში მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება. ინფორმაცია ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსდება, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - www.stopcov.ge, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.moh.gov.ge.