პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შემცირდება.
როგორც კოვზანაძემ "დღის კურიერში" განაცხადა, ბიუჯეტის შესრულების პრობლემა სავარაუდოდ წლის მეორე ნახევარში გაჩნდება.
"ბიუჯეტთან დაკავშირებით ორი მომენტია, გააჩნია რა დასჭირდება მთავრობას. თუ ეს ცვლილებები ახლავე იქნება გასაკეთებელი, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით განვიხილოთ. ეს ითვალისწინებს გარკვეული შეზღუდვების მოხსნას, მათ შორის, სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით და პარლამენტი ამისთვის მზად არის და ვიცით, როგორი ტემპით უნდა წავიდეთ. ეს მოხდება დაჩქარებული წესით და რეგლამენტი ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში მჭიდრო ვადას.
მე შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ ჩვენ გარკვეული რეზერვი ამ თვალსაზრისით გვქონდა, როდესაც 2019 წლის შესრულება ვნახეთ. ბიუჯეტში თითქმის 550 მილიონი ლარით მეტი მივიღეთ, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა, ასეთი რეზერვი ჩვენ გვქონდა ასევე იანვარსა და თებერვალში. მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის შესრულებაში მარტის თვის განმავლობაში პრობლემა არ შეგვექმნება. გარკვეული პრობლემები მეორე კვარტალში იქნება.
ჩვენ ეკონომიკური ზრდა შეგვიმცირდება. სხვადასხვა სცენარები გვაქვს გათვლილი. პირველ კვარტალთან დაკავშირებით, ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვექნება. პრობლემა დაიწყება უკვე მეორე კვარტალში," - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.