საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის წევრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მთავრობის მიერ დადგენილი აკრძალვების ზედმიწევნით შესრულებისა და სოციალური დისტანცირების მაქსიმალური დაცვის აუცილებლობას ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში.
გიორგი გახარიამ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყონ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოიყენონ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.
მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესების შესაბამისად გადაადგილების კონტროლის მიზნით, კონკრეტული მუნიციპალიტეტების გასასვლელებში, სპეციალური ე.წ ბლოკპოსტები შეიქმნება, ასევე მკაცრად გაკონტროლდება სავაჭრო ობიექტების დადგენილი წესის შესაბამისად ფუნქციონირება და ის ობიექტები, რომელთა საქმიანობა, მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეზღუდულია.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული აკრძალვების ზედმიწევნით შესრულებაზე პასუხისმგებელია რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რომელმაც უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული საქმიანობა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტური აღსრულება რეგიონში.
მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, გაითვალისწინონ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და არ შეუქმნან საფრთხე როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
მთავრობის მეთაურმა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გამართა.