ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფო რეგიონებში არსებულ სამედიცინო რესურსებს აძლიერებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში COVID-19-ის ელიმინაციაში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, უკვე რუხის მრავალპროფილური კლინიკა ერთვება. რამდენიმე დღეში სტაციონარში ინფიცირებულებისთვის 100 საწოლი მომზადდება, სასტუმრო სივრცეში კი საკარანტინო ზონა მოეწყობა. ექსპლუატაციაში შესვლამდე სამედიცინო ცენტრის მზადყოფნა მთავრობის მეთაურმა ადგილზე შეაფასა.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე კლინიკა მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც მიიღებს. ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ პაციენტებს სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას პირდება, ასევე ადგილზე მოეწყობა საერთო საცხოვრებელი, სადაც დარჩენის შესაძლებლობა ექნებათ ავადმყოფთა ოჯახის წევრებს.
დღეს პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთანაც იყო მისული, გახარია სამართალდამცველებს შეხვდა და დავალებები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გასცა. ენგურთან შეხვდრას შინაგან საქმეთა მინისტრი და მედპერსონალი ესწრებოდა
ძალოვანების გარდა მთავრობის მეთაურმა დავალებები მისცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლის გაძლიერება მოსთხოვა. აკრძალვების მონიტორინგზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო რწმუნებულს დაეკისრა.
შეზღუდვის ფარგლებში, სამეგრელოში - მუნიციპალიტეტების გასასვლელებში ე.წ. ბლოკპოსტები მოეწყობა, გაკონტროლდება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გატარდება.
ავტორი: სოფო ჭუმბურიძე