საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული საკარანტინო ზონები ამ დროისთვის უკვე 660-მა მოქალაქემ ეტაპობრივად დატოვა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
"პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონებისა და არეალების შექმნა, მოწყობა და მართვა დაევალა.
ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ტრანსფერის და საკარანტინო ზონაში განთავსების პროცესი გამოირჩევა პრევენციული ზომების დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით და ოპერატიულობით.
მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელს და მმართველ გუნდს, რომელმაც გამოიჩინა გულისხმიერება და სასტუმრო საკარანტინო ზონისთვის უფასოდ ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმო, რაც გამორჩეულად კარგი მაგალითია კერძო საჯარო თანამშრომლობის, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან პერიოდში.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეფექტურად ითანამშრომლა კერძო სექტორთან და ამ ეტაპზე 71 სასტუმროში განთავსებულია 4700 მდე ადამიანი," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმითვე, სასტუმროს ნომრები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. განთავსება მოიცავს 3 ჯერად კვებას, რომლის დროსაც არ ხდება მოქალაქეების უშუალო კონტაქტი მომსახურე პერსონალთან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე ოთახის დატოვების შემდეგ. პარალელურად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სასტუმროს მთლიან ტერიტორიაზე.
ყველა საკარანტინო ზონაში ადგილზე მუდმივად მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავს კარანტინში განთავსებული ადამიანები, ხოლო საკარანტინო ზონის გარე პერიმეტრის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის პოლიცია.