ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. წევრების გარდა საბჭოს ესწრებიან თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
როგორც სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, კომენდანტის საათის გამოცხადების საჭიროება არ არსებობს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით პრეკრიზისულ ფაზაში, ანუ ეს არის ყველაზე ურთულესი პერიოდის წინა ეტაპი. ვფიქრობ, მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ მივდივართ სტაბილურად, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხიფათი ძალიან ახლოს დაგვდევს. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისაგან, სოციალური დისტანცირება არის ყველაზე მძლავრი იარაღი იმისთვის, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ. ამ ეტაპზე, კომენდანტის საათის შემოღების აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს, მთავარია, რომ ის რეგულაციები, რაც არის გაცემული, შევასრულოთ. საბედნიეროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ რეკომენდაციებს ასრულებს, მაგრამ არის მცირე ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არასერიოზულად უყურებს პროცესს და, შესაძლოა, ეს მცირე ნაწილი აღმოჩნდეს მიზეზი იმისა, რომ ხიფათი მასშტაბური და რეალური გახდეს,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ