18 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
საჯარიმო სანქციები გამკაცრდება, რამდენიმე იურიდიული პირი დაჯარიმდა - ალექსანდრე მოწერელია

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში წესების გამკაცრება მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ წესების დარღვევამ გამოიწვია.

როგორც ალექსანდრე მოწერელიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, საჯარიმო სანქციების გამკაცრებაც იგეგმება.

"გამკაცრება გამოიწვია, პირველ რიგში, იმ გარემოებამ, რომ სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ დაემორჩილა საგანგებო ვითარებაში იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაეცვათ. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, როგორც ზუგდიდში, ასევე ფოთში. ამავე დროს მოგვიწია ქალაქის შემოსასვლელი და გასასვლელის კონტროლი პოლიციის ძალების მეშვეობით, იმისათვის, რომ მოსახლეობას ავტომობილებით გადაადგილების დროს დაეცვა სოციალური დისტანცია. ამავე დროს, ტაქსით გადაადგილების შემთხვევაში არის გარკვეული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროდან, რის შესახებაც ყველამ იცის.

აღსანიშნავია ფოთთან დაკავშირებით ის გარემოება, რომ მოგეხსენებათ, ფოთში არის საზღვაო საზღვარი, სადაც შემოდის გემები, შემოდის ტვირთი. არის ტრაილერები და ძალიან დიდი შეჯგუფება მძღოლების. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ვაკონტროლოთ თითოეული ასეთი შემთხვევა და დავიზღვიოთ თავი მაქსიმალურად.

ეს ღონისძიებები ასევე გულისხმობს საჯარიმო სანქციების გამკაცრებას. არის რამდენიმე იურიდიული პირი დაჯარიმებული, ასევე დაჯარიმებულია ფიზიკური პირები," - განაცხადა გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ზუგდიდში დაჯარიმდა რამდენიმე საწარმო, რომელმაც მუშაობა არ შეაჩერა.

"რამდენიმე მეწარმემ მოინდომა, რომ საქმიანობა გაეგრძელებინა. იყო ასეთი შემთხვევა სილამაზის სალონში. არ იყო მისი მუშაობა ამ ეტაპზე აუცილებელი. ეს აკრძალულია დღევანდელი მოქმედი საგანგებო წესებით, შესაბამისად, დაჯარიმდნენ.

მინდა ვთხოვო მოქალაქეებს დაემორჩილონ წესებს, რადგან ასეთ ვითარებაში არავის უხარია დაჯარიმება,"- აღნიშნა რწმუნებულმა.

მისივე თქმით, კონტროლდება ფეხით მოსიარულეთა დისტანციაც.

"ჩვენ კომენდატის საათი არ გვაქვს და შესაბამისად, ასეთი შეზღუდვები ფეხის მოსიარულეთა მიმართ არ არის. თუმცა, ბანკომატებთან დაჯგუფება ყოვლად დაუშვებელია და ვცდილობთ აქაც მოხალისეების მეშვეობით გავაკონტროლოთ ის რიგები, რომელიც იქნება მარკეტებთან, ბანკომატებთან და ა.შ." - განაცხადა მოწერელიამ.

დღის ამბები