18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულ მომსახურებას - გიორგი გახარია

საყოველთაო კარანტინის და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი დახმარებისთვის ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. 

"რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს. ჩვენ ეს გუშინწინაც დავაფიქსირეთ, სწორედ ამიტომ გახლდით რუხში, რომ გვენახა საავადმყოფო და მისი მზაობა," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები.

"ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები, ეს ჩვენთვის სულ ერთია და რა თქმა უნდა, იქ, სადაც გვექნება შესაძლებლობა და საშუალება მივეხმარებით ყველას, როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე, ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები