კორონავირუსის საფრთხის პარალელურად, ქვეყანაში ისევ პრობლემად რჩება ოჯახური ძალადობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორი იყო მაჩვენებელი 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში.
იანვარში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოიცა 947 შემაკავებელი ორდერი
თებერვალში - 840 შემაკავებელი ორდერი
მარტში - 930 შემაკავებელი ორდერი
მარტის მონაცემები თითქმის იგივეა, რაც შარშან ამ დროს იყო. სტატისტიკის მიხედვით, იანვრისა და თებერვლისგან განსხვავებით, მარტში მცირედით არის გაზრდილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, მაგრამ შემცირებულია რიცხვი ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე.
2020 წლის მარტში, ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობაზე 112-ში შესული შეტყობინებების რაოდენობა იგივეა, რაც დეკემბერსა და იანვარში იყო.
იანვარში გამოძიება დაიწყო 520 ფაქტზე, რომელიც ოჯახში ძალადობას და ოჯახურ დანაშაულს ეხება. აქედან, 13% მოდის ბავშვებზე.
თებერვალში გამოძიება დაიწყო 490 ფაქტზე. აქედანაც 12 პროცენტი ბავშვებზე ძალადობის სავარაუდო შემთხვევებია.
მარტში გამოძიება დაიწყო 470-მდე შემთხვევაზე. აქედან მცირეწლოვანებზე მოდის 10%.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - მარტში პოლიციაში ყველაზე ხშირად თავად მსხვერპლი რეკავდა. თუმცა მცირედით არის გაზრდილი შემთხვევები, როდესაც ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას ახდენენ მეზობლები და ისინი რეკავენ 112-ში.
ასევე საინტერესოა, რომ იანვრიდან მოყოლებული მცირედით შემცირებულია ძალადობა მეუღლეებს შორის.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, ძალადობის შემთხვევაში აუცილებლად დარეკონ და მიაწოდებენ ინფორმაციას პოლიციას, რადგან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების კონტროლის პარალელურად, სამართალდამცველები მზად არიან, ნებისმიერ დროს დაეხმარონ ძალადობის მსხვერპლს.