18 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ქვეყანაში ამოქმედებული სოციალური შეღავათები - ვის და როგორ დაუფინანსდება ელექტროენერგიის გადასახადი

ქვეყანაში სოციალური შეღავათები მოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში გადასახადი დაუფინანსდებათ.

რა თანხებზე და რამდენ აბონენტზეა საუბარი, "სემეკი" დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს. ასეთი აბონენტების რაოდენობა 1.2 მილიონია და თვეში საშუალოდ 17 მლნ ლარი დაიხარჯება ელექტროენერგიის კომუნალური შეღავათების ნაწილში.

ბუნებრივი გაზის შემთხვევაში აბონენტებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბურ მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს ასევე, სახელმწიფო დაუფარავს გადასახადს. ასეთია 670 ათასამდე აბონენტი, თანხა კი შეადგენს მთლიანობაში 27 მლნ-მდე ლარს.

ამასთან "სემეკ"-ის ცნობით, წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარებათ იმ აბონენტებს, რომელთაც აქვთ 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიის მოხმარება. წყალმომარაგების გადასახადის დაფარვა მოხდება როგორც გამრიცხველიანებული, ასევე უმრიცხველო (სულადობრივი დარიცხვით) მომხმარებლებისათვის.

მთავრობის გადაწყვეტილება სს "თელასის" შემთხვევაში შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთა მარტის გადასახადი მაქსიმუმ 37.11 ლარია; ხოლო, "ენერგო პრო ჯორჯიას" შემთხვევაში - მაქსიმუმ 36.4 ლარი. გადაწყვეტილება შპს "თბილისი ენერჯის" შემთხვევაში შეეხება აბონენტებს, რომელთა გადასახადი შეადგენს მაქსიმუმ 92.2 ლარს, შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში - მაქსიმუმ 113.8 ლარს, ხოლო სს "საქორგგაზის" შემთხვევაში - 113.9 ლარს.

მთავრობის გადაწყვეტილებით კომუნალური შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. ის არ ვრცელდება საოჯახო სასტუმროებზე. ასევე, არ ვრცელდება ძველ დავალიანებებზე.

მოქალაქეებს, რომლებმაც მოიხმარეს 200 კვტსთ-ის ჩათვლით ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივი გაზი და წინასწარ გადაიხადეს მარტის გადასახადი ან ვისაც უკვე ავტომატურად ჩამოეჭრა გადასახდელი თანხა, თანხები დეპოზიტის სახით განთავსდება მათ სააბონენტო ბარათზე და შემდგომი გადახდების დროს შეძლებენ მის გამოყენებას.

იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებსაც კომუნალური მხარდაჭერის გამოყენება არ სურთ იმ მოტივით, რომ მათ აქვთ გადახდის შესაძლებლობა და სურთ, რომ გამოთავისუფლებული თანხები მიმართული იყოს სხვა საჭირო და აუცილებელი პროგრამებისკენ მიმდინარეობს მუშაობა პლატფორმაზე, სადაც შესაძლებელი იქნება მოქალაქის მიერ კომუნალურ შეღავათზე უარის დაფიქსირება. უახლოეს პერიოდში დაინტერესებულ პირებს დეტალურად ეცნობებათ ამ საკითხის შესახებ.

დღის ამბები