სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ქუთაისში კორონავირუსით დაინფიცირებული 67 წლის პაციენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, თუმცა დაკვირვება გრძელდება.
67 წლის მამაკაცი ცენტრში ორი დღის წინ ტემპერატურით შეიყვანეს და კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია მისი მეუღლეც. პაციენტს ანალიზი აუღეს და გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში, პასუხი კი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტებს სწავლობენ, რადგან მისი დაინფიცირების პირველწყარო უცნობია. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად, არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებიდანაა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ახალი პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალბატონია, რომელიც ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტია და ის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
კლინიკის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 9 შემთხვევაა აჭარაში. ყველა მათგანი მკურნალობის კურსს "მედალფას" კლინიკაში გადის. 9 პაციენტიდან, გარდა ერთისა, ყველას მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. 4 პაციენტს აღენიშნება პნევმონია. ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.