ყოველდღიურად იზრდება საქართველოში იმ რეგიონების რაოდენობა, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ვითარება მძიმდება.
ამჯერად ეპიდემიოლოგების მობილიზება ლენტეხში გახდა საჭირო. მიზეზი ის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი საკუთარი დისგან გადაედო. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლო კონტაქტების დასადგენად.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ამ მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან საეჭვო პირების რაოდენობა საკმაოდ დიდია.
ადგილობრივების ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცს 50-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
არსებული ინფორმაციით, სვანეთის რეგიონში ინფექცია ეროვნული ბანკის საცავში დაინფიცირებული პირებიდან განვითარდა.
ექიმის განცხადებით, 53 წლის მამაკაცი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ ღამითვე გადაიყვანეს.
"პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევები, დაეწყო სიმპტომური მკურნალობა. იყო პნევმონიაზე ეჭვი და მიეცა ანიტიბიოტიკიც. დილით მდგომარეობა გახდა დამაკმაყოფილებელი. აღარც ტემპერატურა ჰქონდა, აღარც ჩივილი.
კორონავირუსის დადასტურება გუშინ 21:00 საათზე მოხდა. პირველ საათზე პაციენტი რეანომობილის მიერ იქნა გადაყვანილი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში," - განაცხადა რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ლენტეხის კლინიკის მენეჯერმა გრიგოლ ტურძელაძემ.