საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ COVID 19-ის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ზიარება ინფექციისგან დაცვას არ ნიშნავს.
დეკანოზმა ხაზი გაუსვა, რომ ღვთისმსახურების შეჩერება და ტაძრების დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა, რეკომენდაციების შესრულებას მაქსიმალურად შეეცდებიან.
"ჩვენ ვიცით ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები და ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღვასრულოთ მსახურება. ხვალ ცოტა უფრო დაწვრილებით, რაღაც დეტალებზე შესაძლებელია საუბარი. ვნახოთ, საბოლოო ჯამში, რა პოზიცია ექნება სახელმწიფოს, მე ვერ ვიტყვი მათ ნაცვლად დღეს. თუმცა, ჩვენი ზოგადი მოწოდება, როგორიც იყო აქამდე, არის ის, რომ არ უნდა დავარღვიოთ მითითებები.
ის, რომ ადამიანი ეზიარება, არაა გარანტია იმისა, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება. ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება ძალიან წარმოუდგენელი რამაა. ამიტომ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან ყველა ეს უსაფრთხოების ზომები და თან ვმსახურობთ,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.