18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ინტერპრეტაცია, თითქოს ტყის ფართობები საპატრიარქოს უნდა გადაეცეს, მცდარია - ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომა გააუქმა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების​ კომიტეტის სხდომა, რომელზეც, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, უნდა განხილულიყო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ტყეები საკუთრებით გადაეცეს, გაუქმდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში საპარლამენტო საქმიანობა შეზღუდულია. ამიტომ, აღნიშნული კომიტეტის ჩანიშვნამ არასამთავრობო ორგანიზაციებში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომა, რომელიც ხვალ, 16 აპრილს იყო ჩანიშნული, გააუქმა. აღნიშნულს წილოსანი Facebook-ის საკუთარი გვერდის მეშვეობითაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხი არასწორად იტერპეტირდა.

"საგანგებო სესიაზე გამოდის მხოლოდ ის საკითხები, რომელთა განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საჭიროა მათი დაუყონებლივ მიღება. შესაბამისად, კომიტეტი აღარ განიხილავს ტყის კოდექსს. კანონპროექტის განხილვა ჩატარდება პარლამენტის ჩვეული რეჟიმით მუშაობის დაწყებისთანავე.

მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კოდექსი სატყეო რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მის შემუშავებაში მონაწილეობდა GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება), ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები.

ასევე, ამ კოდექსის მიღებასთან არის დაკავშირებული ტყის რეფორმის განსახორციელებლად დონორი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული 30-მდე მილიონი ევრო.

რაც შეეხება მორიგ არასწორ ინტერპრეტაციას, თითქოს ტყის ფართობების გადაცემა ხდება რომელიმე ინსტიტუციაზე, ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

რეალურად, ახალი კოდექსი ავალდებულებს ყველას - მუნიციპალიტეტებს, სააგენტოებს, ეკლესიასა თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტს, რომელიც ფართობს უკვე ფლობს, რომ დააკმაყოფილოს ახალი კოდექსით გათვალისწინებული ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა შემუშავებაში თავის მხრივ, ჩართული იყო ყველა მხარე, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პარტნიორები, სატყეო სექტორის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტები," - წერს წილოსანი.

 

 

დღის ამბები