ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, მთავრობის მიერ ზომების გამკაცრება შექმნილ ვითარებაში სასარგებლოა. მისი თქმით, დაცული იქნება ყველა რეკომენდაცია და მრევლი სოციალური დისტანციის შესახებ მითითებას შეასრულებს.
აღდგომის ლიტურგიასთან დაკავშირებით, მეუფე დანიელი ამბობს, რომ კომენდანტის საათის პირობები მრევლის ტაძარში მისვლას გარკვეულად შეაფერხებს.
"დარეგულირებულია, რომ სასულიერო პირებს არ ექნებათ ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვა. სახელწიფოს მითითებით გამკაცრდა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ნორმალურია და სასარგებლოა საერთო საქმისთვის და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ესწრებიან, ამოწმებენ და მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში არის ძალიან მაღალი რანგის წესრიგი.
დამატებითი რეგულაციები არ იქნება, იქნება ის, რომ ყველა დაიცავს სოციალურ დისტანციას და რასაკვირველია, ის ფაქტი, რომ კომენდანტის საათი არსებობს, გარკვეულად შეამცირებს შესაძლებლობას მისვლის. მრევლი და სამღვდელოება მოდის, მიუხედავად იმისა, რომ რისკი არსებობს, იმიტომ, რომ ამ ლოცვას აქვს ეპიდემიის აღმოფხვრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა," - აცხადებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) აცხადებს, რომ ღვთისმსახურება დილით ჩატარდება და მრევლი ტაძარში შეკრებას დილის 07:00 საათზე დაიწყებს.
"ჩვენ ვერ ავუკრძალავთ, ადამიანებს თუ ექნებათ სურვილი მოვლენ. ვფიქრობთ, არ იქნება ბევრი ხალხი, იმიტომ, რომ თქვენ ატყობთ ამ დღეებში, როგორ იკლო მორწმუნეები რიცხვმა, ადამიანების ამ შეზღუდვების გამო, იმ რეკომენდაციების გამო, რასაც ითვალისწინებენ, რომლებიც ექიმების მიერ არის გაჟღერებული და ვხედავთ ჩვენ, რომ ნაკლებობაა, ამიტომ არც ხვალ იქნება ძალიან ბევრი ხალხი. ჩვენ უკვე დიდი ხანია ეკლესიებში ვითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, ვთხოვთ რომ ადამიანებმაც გაითვალისწინონ ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციები," - ამბობს მეუფე გერასიმე.
შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის სწრაფი გავრცელების შეფერხების მიზნით, საქართველოში მოქმედი რეგულაციები კიდევ გამკაცრდა და დღეს 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, მანქანებით გადაადგილება აიკრძალა.