თბილისში წმინდა ცეცხლს ღამის 12-ის ნახევრისთვის ჩამოიტანენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელავივის მიმართულებით სპეც რეისი უკვე გაფრინდა. ისრაელში გაემგზავრა ორი სასულიერო პირიც, თელავივის აეროპორტში სწორედ მათ მიაწვდიან ცეცხლს პირდაპირ თვითმფრინავში ისე, რომ ისინი ხომალდს არ დატოვებენ. ესაა უსაფრთხოების წესი, რომელიც ისრაელის მთავრობამკოვიდ 19-ის გამო შემოიღო.
ბორტზე საპატრიარქოს 2 წარმომადგენელი და ერთი მომლოცველი იმყოფება. წმინდა ცეცხლს მათ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ლაშა ჟვანია გადასცემს. აღსანიშნავია, რომ ამავე რეისით საქართველოში 180-მდე მოქალაქე ჩამოვა. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩავიდნენ თელავივში.
რაც შეეხებათ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ისინი ეკიპირებულები და იზოლირებულები არიან სხვა მგზავრებიდან.
"12-ის 15 წუთზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი. მე პირდაპირ წავაბრძანებ ცეცხლს უწმინდესთან, ამის შემდეგ კი სხვადასხვა ტაძარში მოხდება გადანაწილება,"- აღნიშნა დეკანოზმა, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მამა თეიმურაზ მჟავანაძემ.