საქართველოში მედიკოსები კორონავირუსს ყოველდღიურად ებრძვიან და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მთელი რესურსი მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა მიმართული, ისინი საზოგადოებას ტელე-ეთერით ყოველდღიურად ახალ რეკომენდაციებს აძლევენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი იძახებს, თუმცა თუ პაციენტს სიმპტომები არ აქვს, ის მხოლოდ ოჯახის ექიმის დაკვირვების ქვეშ რჩება. საჭიროებისა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კი, ბიოლოგიური მასა ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება.
იმ შემთხვევაში, თუ "კოვიდ 19"-ის დიაგნოზი დადასტურდა, პაციენტი მკურნალობას საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში განაგრძობს. ბოქსირებული განყოფილებები ყველა შესაძლო ინვენტარით არის აღჭურვილი. სამედიცინო პერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალში" ამბობენ, რომ მათი დაწესებულება სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. თუმცა, თუ მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდება, სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელი გახდება.