საქართველოში კორონავირუსის პლაქვენილით მკურნალობასთან დაკავშირებით ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
ცერცვაძის თქმით, ის რომ პლაქვენილი არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოა, დაადასტურა როგორც FDA-მ , ასევე იმ შედეგებმაც რაც ამ მხრივ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს:
"ბატონი გურული აკრიტიკებდა საკმაოდ მოურიდებლად, რომ ეს პროტოკოლი არ ვარგა და საქართველოში არასწორად მკურნალობენ, არასწორად და არამიზნობრივად უნიშნავენ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მედიკამენტ პლაქვენილს. თითქოს ამას უნიშნავენ უსიმპტომო ავადმყოფებს. თითქოს ამ მედიკამენტს იყენებენ საპროფილაქტიკოდ და მალე დამტკიცდება, რომ პლაქვენილი არაა კარგი წამალი.
ჩერჩილი ამბობდა, რომ დემოკრატია მმართველობის საშინელი ფორმაა, მაგრამ უკეთესი არ არსებობს, ძალიან კარგად შეესაბამება ეს პლაქვენილს. კოვიდის პირდაპირ სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს, მიმდინარეობს კვლევები, ამ ფონზე როდესაც ასეთი რადიკალური საშუალება არ არსებობს, პლაქვენილი ბევრის მიერ, არა ყველას მიერ, მაგრამ ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ. ჩვენ გავეცანით რა, სხვადასხვა ქვეყნის კვლევებს, მედიკამენტის მოქმედების მექანიზმებს, დაავადების პათოგენეზს, ჩავთვალეთ რომ პლაქვენილი ყველას სჯობდა, ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა შემდგომში პრეზიდენტს ტრამპის განცხადებამ 19 მარტს, ჩვენგან ერთი თვის მერე გააკეთა განცხადება და მოუწოდა აშშ-ს და მსოფლიოს რომ დაიწყონ მკურნალობა პლაქვენილით, მართალია იყო კრიტიკა რომ ტრამპი არაა ექიმი, მაგრამ მას ჰყავს მრჩეველთა ჯგუფი, რომელთა კონსულტაციის გარეშე ამ განცხადებას არ გააკეთებდა. ბოლოს მთავარი, 28 მარტს პლაქვენილს ოფიციალურად მისცა რეკომენდაცია კოვიდის დროს გამოსაყენებლად FDA-მ, რომელიც არის უმაღლესი ორგანო, კანონმდებელი მთელ მსოფლიოში, სწორედ ის წყვეტს, რომელი მედიკამენტის გამოყენებაა მიზანშეწონილი და რომელი არა. პლაქვენილი დემოკრატიისა არ იყოს, არ არის საუკეთესო, მაგრამ დღეს არსებულ ასორტიმენტში საუკეთესოა," - განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, სწორედ პლაქველინის გამოყენებაა ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოს კარგი შედეგისა კორონავირუსთან ბრძოლაშიდა ისიც, რომ 408 ავადმყოფიდან 11 ავადმყოფს დასჭირდა მართვითი სუნთქვა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ასევე წარმატებით გამოიყენეს პრეპარატი ტოცილიზუმაბი, რომელიც ძალიან ძლიერი მედიკამენტია და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ინიშნება. მისი თქმით, ქართველი ექიმები აქტიურად ეცნობიან ყველა ინოვაციას, რაც ამ მიმართულებით არსებობს.
თენგიზ ცერცვაძე ფაქტობრივ ტყუილს უწოდებს ზურაბ გურულის განცხადებას, რო საქართველოში პლაქველინი გამოიყენება უსიმპტომო ადამიანებზე საპროფილაქტიკოდ, რომელთაც ფილტვის ანთების ნიშნები არ აქვთ:
"ეს არის არა აზრთა სხვადასხვაობა,არამედ ფაქტობრივი ტყუილი,"- განაცხადა ცერცვაძემ.