მალავს თუ არა ეკლესია ორ სასულიერო პირს შორის მომხდარ დაპირისპირებას - ერთ-ერთი ვერსიით, საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი და ამას მოწმობს ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება შესაბამისი მუხლით აქვს დაწყებული.
დილიდან "კურიერი" ყინწვისის მამათა მონასტერში, ვნების კვირაში მომხდარი კონფლიქტის დეტალების გარკვევას ცდილობს. სასულიერო პირების ნაწილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, ნაწილი კი დუმს. როგორც ცნობილია, ამ დაპირისპირების მიზეზები იცის ეპარქიის მმართველმაც.
კონფლიქტში სავარაუდო მონაწილე კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარი მამა საბა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას სასულიერო პირებს შორის ურთიერთდაპირისპირების შესახებ.
"მე ვარ სასულიერო პირი და მაქვს უფლება, საიდუმლო შევინახო, ვის რა გადახდება და რას დავინახავ, ამას ვერ მოვყვები. დრო გვიჩვენებს ყველაფერს, აქ არავინ არ ამოსულა და მეც დაჭრილი არ ვარ,"- განაცხადა მამა საბამ.
მონასტრის ერთ-ერთი მღვდელი მამა ისაია კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მონასტრის ერთადერთი "იარაღი" ჯვარია.
"მშვიდობაა, ყველაფერი არის ტყუილი, არანაირი იარაღი არ ყოფილა მონასტერში. ჩვენი იარაღია ჯვარი და წირვა-ლოცვა,"- განაცხადა მამა ისაიამ.
გამოძიება დაიწყო 236-ე მუხლით რაც გულისხმობს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.
"კურიერი" დღეს საპატრიარქოს პრესცენტრს დაუკავშირდა, რომლებმაც ჟურნალისტი რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობთან გადაამისამართეს, მიტროპოლიტის მდივანმა კი "კურიერს" ფაქტები არ დაუდასტურდა და განაცხადა, რომ მომხდარი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.