ამერიკული გამოცემა Washington Times საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ წერს. მასალაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ვირუსს წარმატებით უმკლავდება და საქართველოში ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
გამოცემასთან კომენტარს აკეთებს საქართველოს ვიცე-პრემიერიც. პუბლიკაციაში მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ზომები დროულად მიიღო და მოსახლეობასთან ერთად შეძლო, ვირუსს მომზადებული დახვედროდა.
სტატიაში საუბარია ამერიკის მხრიდან მხარდაჭერასა და საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულებში არსებულ გამოწვევებზეც. სტატიის ავტორი წერს, რომ COVID-19-თან წარმატებულად ბრძოლამ შესაძლოა ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით მომავალში მოგზაურებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს.
"როგორც ჩანს, მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატების მაგალითები, რომელთაგან ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, საქართველოა. რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარე საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3,75 მილიონს. იმ დროისთვის, როცა ეს სტატია გამოსაქვეყნებლად უკვე მზად იყო, საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსისგან მხოლოდ 5 გარდაცვალების შემთხვევა. დიახ, არ მოგეჩვენათ! 5!
ნუთუ, ეს შესაძლებელია?! რით აიხსნება საქართველოს წარმოუდგენელი წარმატება ხალხის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში? ჩემთან ახლახან ჩატარებულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ახსნა ამის მიზეზები. განათლებით ეკონომისტი ქალბატონი მაია, ვიცე-პრემიერის პოსტის გარდა, ასევე იკავებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას.
კითხვაზე, თუ რით აიხსნება საქართველოში არსებული სიტუაციის განსხვავებულობა მსოფლიოს სხვა წერტილებთან შედარებით, ქალბატონმა მაიამ დაასახელა რამდენიმე მიზეზი:
„ჩვენ იმთავითვე სერიოზულად მოვეკიდეთ და ვუპასუხეთ ამ გამოწვევას. პირველ რიგში, ჩვენ ძალიან ადრევე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მეორე, ჩვენ ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებს“. საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს „ჩვენ გულისყურით ვეკიდებოდით საკითხს და გვქონდა ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა კორონას ლოკაციებთან დაკავშირებით“. ცქიტიშვილის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, „რასაც ჩვენ ერთად - საქართველოს მთლიანი მოსახლეობა ვაკეთებდით“. ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ სამთავრობო რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების მოქმედება დიდი გულისხმიერებით გამოირჩეოდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გამოიჩინა მოსმენის უნარი. „ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებელი მოქალაქეები და, ამ ურთიერთგაგების წყალობით, წარმატებით უზრუნველვყავით მზადყოფნა ვირუსზე რეაგირებისთვის“.
ქართველი ხალხი ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე უკეთ შეიძლება იყოს მომზადებული მოულოდნელ გამოწვევაზე რეაგირებისთვის და ხელისუფლებისთვის ყურადღებით მოსმენისთვის. ქართველთა ბოლო ორ თაობას გადატანილი აქვს რიგი კონფლიქტებისა და სირთულეებისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ძალებისგან მომდინარე.
1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო იქცა ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. პირველი ლიდერის არჩევიდან მალევე დაიწყო სამოქალაქო ომი, რომლის შედეგებმაც დიდი გავლენა იქონია მთელ ქვეყანაზე. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის იფეთქა 5-დღიანმა ომმა. ის, რომ ქართველ ხალხს აქვს მოულოდნელ მოვლენებზე რეაგირების და მტკიცე პასუხის გაცემის უნარი, მხოლოდ ნაწილია მთლიანი სურათისა. ქალბატონი მაიას შეჯამებით, "საქართველოს ბევრი გაჭირვება აქვს გადატანილი, რის გამოც სირთულის ჟამს გადარჩენის და ადაპტაციის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, გვაერთიანებს და სიმტკიცეს გვმატებს“.
ცქიტიშვილი ასევე აღნიშნავს კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეტანილ წვლილსაც. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან რადიოლოგიური, ბირთვული, ბიოლოგიური და სხვა სახის საფრთხეებისთვის მზადყოფნის ტრენინგების კუთხით. ცქიტიშვილის თანახმად, ამ ტრენინგებმა თავისი როლი შეასრულა საქართველოს მხრიდან ვირუსზე რეაგირებაში: "წლების განმავლობაში - თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვგრძნობთ დახმარებას და მხარდაჭერას აშშ-ის მხრიდან. აშშ-ის საფრთხეების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტრენინგები დაგვეხმარა, ვყოფილიყავით უკეთ მომზადებულნი კორონავირუსისთვის. მათ მიერ მომზადებული ადამიანები არიან ჯანდაცვის პროფესიონალები - სათანადოდ მომზადებულნი და პატივცემულნი. ლუგარის ცენტრის პერსონალიც, ჩვენი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეშვეობით, აშშ-ის მიერაა მომზადებული. სწორედ ისინი დგანან ჩვენი ერის წინა ხაზზე კორონავირუსთან ბრძოლაში“.
ხსენებული ლუგარის ცენტრი გახლავთ რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომელიც თავს უყრის საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევით დირექტორატს საქართველოში (USAMRD-G), რომელიც წარმოადგენს უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) ინფექციურ დაავადებათა ლაბორატორიას უცხოეთში. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრის მშენებლობა ამერიკის მთავრობამ 150 მილიონი დოლარით დააფინანსა (აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ზედამხედველობით), ცენტრს ფლობს და მართავს საქართველოს მთავრობა.
ცხადია, რომ ვიცე-პრემიერი ამაყობს თავისი ეროვნული გუნდით: "ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის ცენტრის ძალისხმევის წყალობით, ჩვენ უკეთ მომზადებულნი აღმოვჩნდით. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების რეაგირება დიდი სიფრთხილით გამოირჩეოდა. ჩვენ შევძელით პრევენციული და საპასუხო ზომების დროულად მიღება, რის შედეგადაც გვაქვს ეს წარმატება".
შეიძლება, ჯანდაცვის ფრონტზე საქართველომ მართლაც მიაღწია მეტ წარმატებას, ვიდრე ბევრმა სხვა სახელმწიფომ, მაგრამ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით აქ, კვლავ დიდ სიფრთხილეს იჩენენ. ქალბატონმა მაიამ ახსენა 2 პრიორიტეტი: „ჩვენი მთავარი მიზანია ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე. ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჩვენც ვცდილობთ ამ ორ პრიორიტეტს შორის ბალანსის დამყარებას," - აღნიშნულია სტატიაში.