ბოლნისის სამ სოფელში იქ, სადაც საკარანტინო რეჟიმი მაქსიმალურად გაამკაცრეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 19-ს მიაღწია.
სწორედ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო გახდა საჭირო ჩაკეტილიყო - ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი.
ქვემო ქართლის რწმუნებული აცხადებს, რომ დაინფიცირებულებს შორის ოჯახის წევრები და მათი ახლობლები არიან. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ COVID ინფექცია ადგილობრივი საავადმყოფოს ექთანსაც დაუდასტურდა, რომლის წყაროსაც ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.
"ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში 19 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. მათი გავრცელების წყარო კი ჯერ დადგენილი არ არის, ამიტომ, იძულებული გავხდით სამი სოფელი ჩაგვეკეტა. სოფელ მუშევანსა და ხატისოფელში დაიnფიცირებულია ოჯახური კლასტერი. ასევე დაინფიცირებულია ადგილობრივი საავადყოფოს ექთანი,"- აცხადებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი.
მარნეულის ჰოსპიტალის დირექტორი აცხადებს, რომ ექთნის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ის გახლავთ 41 წლის ქალბატონი, რომელიც გუშინ წინ საღამოს შემოვიდა. გუშინ მას ნაცხის ანალიზი ავუღეთ. პასუხი კი დღეს დილით მოვიდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო. მას აღენიშნებოდა ცხელება და გადავიყვანეთ ინფექციურ საავადმყოფოში. ის გახლვათ თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი და როგორც ვიცი ბევრი კონტაქტია დასადგენი,"- განაცხადა მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკურმა დირექტორმა, ტატა შენგელიამ.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ მარნეულსა და ბოლნისში ეპიდ ზზედამხედველობის ღონისძიებები ტარდება, რომელიც პერიოდულად მეორდება.
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები უკვე რამდნიმე კვირაა განსაკუთრებული ყურადღების საგანია და იქ აქტიური ეპიდ ზედამხედველობის ღონისძიებები ტარდება, რომელსაც პერიოდულად სჭირდება განმეორება. ჩვენ კონკრეტული გეგმა 2 ინკუბაციური პერიოდისთვის გვაქვს გაწერილი, ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომელიც 28 დღიან პერიოდში უნდა შესრულდეს. ეს ითვალისწინებს, თერმოსკრინინგს, ნაცხის ანალიზსა და გამოკვლევას PCR მეთოდით,"- განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
ამასთან, ისინი, ვისაც ბოლნისში შესვლა-გამოსვლა არ ეკრძალებათ და სპეციალური საშვით სარგებლობენ აცხადებენ, რომ ადგილზე მისვლამდე სამჯერ შეამოწმეს, გაიარეს თერმოსკრინინგი და გამოკითხეს მოგზაურობის ისტორიის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას 30 ახალი ინფიცირებულის ერთდროულად გამოვლენის შემდეგ, ეს სტატისტიკაში შესული ყველაზე დიდი მონაცემია.