"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპონენტების საპასუხოდ, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სოციალური დახმარების დაგვიანებაზე საუბრობდნენ განაცხადა, რომ ანტიკრიზისული გეგმის პარამეტრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმდა, რასაც გარკვეული დრო სჭირდებოდა. მისი განცხადებით, სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება, სიჩქარის გამო თუნდაც ერთი ზედმეტი თეთრი დახარჯოს.
"ხელისუფლებას აკისრია პასუხისმგებლობა თითოეულ თეთრზე, რომელსაც ის იღებს და რომელსაც ის გასცემს. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში, სიჩქარის გამო სახელმწიფო ვერ დახარჯავს ვერცერთ ზედმეტ თეთრს. ამიტომ, კალკულაციას სჭირდებოდა გარკვეული დრო, ამ პარამეტრების შეთანხმებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სჭირდებოდა გარკვეული დრო, რომლებიც პირობებს გიყენებენ იმისთვის, რომ მოგცენ შესაბამისი ფინანსური დახმარება.
ხელისუფლებას აკისრია პასუხისმგებლობა კონკრეტულ თანხებზე და როდესაც პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს, გარკვეული დრო სჭირდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ, რეალურად, უმცირეს დროში მოახერხა ყველაფრის გაანგარიშება და შესაბამისი გეგმის წარმოდგენა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.