18 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
"4-5 დღე ანდომებენ ერთი საშვის განხილვას" - ქუთაისის მერიასთან საშვების მისაღებად ხალხმრავლობაა

ქუთაისის მერიასთან დისტანციის დასაცავად ბარიერები დადგეს. აქ დილიდან ხალხმრავლობა იყო, მოქალაქეები, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქვთ შესასრულებელი, საშვებისთვის გრძელ რიგში იდგნენ.

"კურიერთან" საუბრისას მოქალაქეები აცხადებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები ქალაქგარეთ აქვთ და დიდი ქალაქების ჩაკეტვის გამო, მის დამუშავებას ვერ ახერხებენ.

ქუთაისის მერიასთან იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მერია საშვების დროულად გაცემასა და რიგში სოციალური დისტანციის დაცვას ჯეროვნად ვერ უზრუნველყოფს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ მოქალაქეებს ეს პრობლემები ხელისუფლებამ შეუქმნა.

"ეს მიუთითებს, რომ ეს პრობლემები ხელისუფლებამ შექმნა. დაცვის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სოციალური დისტანცია, რადგან ამ ადამიანების ბრალი არ არის, ამ დღეში რომ არიან. ეს არის თავმოუბმელი მერიის ბრალი. ორი ადამიანი უზით და უკვე 150-ზე მეტი ადამიანია რიგში. 4-5 დღე ანდომებენ ერთი საშვის განხილვას, ეს არის ბიუროკრატიული მექანიზმი. ბოლოს როდის იყო ფურცელზე დაწერილი სიები, არ მახსოვს, შევარდნაძის დროინდელი საპასპორტოს რიგები გამახსენდა, როდესაც ადამიანები სიებით იდგნენ რიგში,"- განაცხადა გიგა შუშანიამ.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი გოგი წულაია აცხადებს, რომ მერიას საშვების გასაცემად გაცილებით მეტი თანამშრომელი უნდა გამოეყო. 

"ესაა კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უწყობს ხელისუფლება ხელს კორონას გავრცელებას, თვითონ როგორ უწყობს და ჩვენ როგორ გვკეტავს სახლში, არიქა, კორონა არ შეგვხვდესო. ამას ჰქვია უგუნურება, მეტი არაფერი. მერიამ ის ვერ შეძლო, რომ ერთი ქალბატონის მაგალითად დაესვა 5, 10, 20, ბოლობოლო, 8000 თანამშრომელი ჰყავთ გაფორმებული და 8 გოგოს მონახვა რა გახდა ამ მერიაში,"- განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია კი აცხადებს, რომ ყველას, ვინც დაადასტურებს, რომ სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე არ აქვთ წვდომა, წარმოადგენს მტკიცებულებებს და შესაბამის განაცხადს, საშვების მიღების შესაძლებლობა უმოკლეს დროში ექნებათ. 

დღის ამბები