18 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ჩაიკეტება თუ არა სოფელი თერგვისი - კორონავირუსით ინფიცირებული მედდის კონტაქტების კვლევა გრძელდება

კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის ინფიცირებული მედდის ოჯახის სამ წევრსაც დაუდასტურდა, აქედან ერთი მისი მცირეწლოვანი შვილია. მედდის ახლო კონტაქტებიდან ანალიზი სულ 8 ადამიანს ჩაუტარდა, 5-ზე პასუხი უარყოფითია.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებული მედდის დამატებითი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, არ მიღებულა. 

"პირველადი ინფიცირებულის შემდგომი კვლევების შედეგად დღეს გაირკვა, რომ არის კიდევ სამი დამატებით ინფიცირებული. სამივე ადამიანი არის ნათესაურ კავშირში მყოფი პირი. მიმდინარეობს კიდევ ღრმა ეპიდკვლევა დამატებითი კონტაქტების გამოსავლენად, თუკი არსებობს ასეთი და, ასევე, დამატებით ანალიზების აღება. შესაბამისად, დაველოდებით მათ პასუხებს. სოფლის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ამ დროისთვის, არ არსებობს," - განაცხდა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კორონავირუსი გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას აღმოაჩნდა. დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისიდან არის. მას კონტაქტი ჰქონდა ძმის ოჯახთანაც, რომელიც კარალეთში ცხოვრობს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ ექთანს ჰოსპიტალის მედპერსონალთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, კორონავირუსზე ყველა შემოწმდა, პასუხები უარყოფითია.

ამავე თემაზე
დღის ამბები