"რემდესივირი" - მედიკამენტი, რომელზეც მსოფლიო იმედებს ამყარებს. კორონავირუსით ინფიცირებულებთან წამალს 22 ქვეყანაში ცდიან, თუმცა ჯერ გადაწყვეტით ვერავინ ამბობს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ის სრულად ეფექტურია.
პრეპარატის შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგებს ქართველი ექიმებიც ეხმაურებიან.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პრეპარატ "რემდესივირზე" ჩატარებულ კვლევასა და მიღებულ პირველად შედეგებს აფასებს.
"თეთრ სახლში, ფაუჩიმ მისი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული წინასწარი შედეგები გაამჟღავნა პრეპარატ "რემდესივირზე", რომელიც ჯერ დეტალურად არ წაგვიკითხავს, რადგან არ არის დაბეჭდილი ჟურნალში. ფაუჩის კვლევა 1000 ადამიანზე მეტს მოიცავდა, ჩინურ საკვლევ ჯგუფში მხოლოდ 150 ადამიანი იყო.
დასარწმუნებლად კი მოცულობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამერიკიდან კიდევ უნდა გამოქვეყნდეს "რემდესივირზე" 4-5 კვლევის შედეგი თვის ბოლოს და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის გაანალიზება, რამდენად ობიექტურად გამოსადეგია ეს წამალი კლინიკურად," - აღნიშნა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.