ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროგრამების დირექტორმა მაკა გოგიამ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში კორონავირუსის გამო შეცვლილ ცხოვრების სტილზე ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური დისტანცირება ჩვენი ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს.
"სოციალური დისტანცირება, მე ვიტყოდი, ფიზიკური დისტანცირება უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ახლო კონტაქტები, გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა, გულთბილი მისალმება, დიდი შეკრებები, რაც ჩვენი ქართველების ცხოვრების ნაწილი იყო უნდა შეიცვალოს და გადავიდეთ ყველაფრისგან დისტანცირებულ მოდელზე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინფექცია არსებობს და დაინფიცირების რისკი არსებობს და საკუთარი თავის დაცვა უნდა ვისწავლოთ. განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ან გარკვეული შეხება გვაქვს,"- განაცხადა მაკა გოგიამ.