18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
პანდემიის ვითარებაში მაღალი რისკჯგუფების რიცხვს ნარკომომხმარებლები განეკუთვნებიან - მაკა გოგია

მედიკოსების გარდა, სხვადასხვა რისკჯგუფებთან აქტიურ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აგრძელებენ. მათ შორის არის "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი", სადაც ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქიდან 26 ორგანიზაციაა გაერთიანებული. მათი მთავარი ამოცანა აქტიურ ნარკომომხმარებლებთან მუშაობა და იმ რისკების შემცირებაა, რომლის წინაშეც ისინი დგანან.

მსოფლიოს პანდემიის პირობებში, იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც ნარკომომხმარებლები დგანან "დღის კურიერის" ეთერში "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროგრამების დირექტორმა მაკა გოგიამ ისაუბრა.

მაკა გოგიას განცხადებით, ნარკომომხმარებლები საკმაოდ მაღალ რისკჯგუფს წარმოადგენენ COVID 19-ით ინფიცირებისთვის, ვინაიდან მძიმე ქრონიკული ინფექციური და არაინფექციური დაავადებების მატარებლები არიან. ამასთან, კოვიდ დაინფიცირების შემთხვევაში მათი გარდაცვალების რისკი იზრდება.

"ნარკოტიკის მომხმარებლები წარმოადგენენ საკმაოდ მოწყვლად ჯგუფს კოვიდით ინფიცირებისთვის, რადგანაც მათ აქვთ სხვადასხვა მძიმე ქრონიკული ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აქვეითებს იმუნიტეტს და შესაბამისად ისინი ხდებიან მოწყვლადი ამ ინფექციით.

დაინფიცირების შემთხვევაში იზრდება რისკი მათი გარდაცვალების და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ მივაწოდოთ მათ მიზნობრივი ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი და არ დაინფიცირდნენ ამ ინფექციით, პარალელურად გააგრძელონ "ზიანის შემცირების პროგრამაში" არსებული სერვისების მიღება, სხვადასხვა სამკურნალო პროგრამებში ჩართვა, როგორიც არის აივ ინფექცია, ასევე ჰეპატიტების პროგრამებში ჩართულობა და გააგრძელონ ჩვეული ცხოვრება ისე, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნან," - აცხადებს მაკა გოგია.

იმისათვის, რომ ნარკომოხმარებლებმა COVID 19-ით დაინფიცირება თავიდან აირიდონ, მაკა გოგიას თქმით, მნიშვნელოვანია, ის აღჭურვილობა, რომლითაც ნარკომომხმარებლები ნარკოტიკს მოიხმარენ, არ აღმოჩნდეს სხვა ადამიანის ხელში. ასევე მნიშვნელოვანია, ნარკომომხმარებლებმა დისტანცირება და პირადი ჰიგიენა დაიცვან.

"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროგრამების დირექტორის თქმით, ნარკომომხმარებლები ნარკოპრეპარატების შესყიდვის დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგანაც ამ შემთხვევაში ნარკოტიკი უკვე დაინფიცირების წყაროა.

გარდა ამისა, პანდემიის პირობებში გახშირებულია ნარკომომხმარებლების ზედოზირების შემთხვევები. მსგავს შემთხვევებში, მაკა გოგიას განცხადებით, ნარკომომხმარებლებმა პრეპარატი "ნალოქსონი" უნდა გამოიყენონ.

"მნიშნველოვანია არ მოხდეს იმ აღჭურვილობის გაზიარება, რითაც ისინი მოიხმარენ ნარკოტიკს, ეს არის საინექციო თუ არასაინექციო აღჭურვილობა. უნდა იყვნენ დისტანციით, დაიცვან ხელის ჰიგიენა, დაიმუშაონ ყოველი კონტაქტისას ხელი.

თუ ექნებათ უცხო ნივთებთან, ან ფულთან შეხება, ან შეისყიდიან ნარკოტიკს, რომელიმე დილერისგან, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ დაინფიცირდნენ, რადგან არსებობს პოტენციური რისკი, რომ ნარკოტიკი, რომელიც შეისყიდეს, არის დაინფიცირებული და მოიხმარენ არასათანადო გარემოში.

გარდა ამისა იზრდება ზედოზირების რიცხვი ამ ეპიდემიის პირობებში, რადგანაც ნარკომომხმარებლებს აქვს შეზღუდული ხელმისაწვდომობა ნარკოტიკებზე და ყიდულობენ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებათ. ხშირად არ არის განსაზღვრული დოზები, ან ურევენ სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად, ან ალკოჰოლთან ერთად მოიხმარენ და ეს ზრდის ზედოზირების რისკს.

ჩვენ ამ დროს განსაკუთრებულად ვმუშაობთ და მიზნობრივ ინფორმაციას ვაწვდით, როგორ არ მოხდეს ზედოზირება, ან თუ მოხდება, გამოიყენონ პრეპარატი "ნალოქსონი", რომელსაც ფართოდ ვარიგებთ, წელიწადში დაახლოებით 12 000 "ნალოქსონს" ვარიგებთ," - განაცხადა მაკა გოგიამ.

დღის ამბები