ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, საკარანტინო პერიოდში მყოფი ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებაზე საუბრობს.
როგორც ლაშა კილაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, უკვე რამდენიმე თვეა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე ონლაინ სერვისების და კონსულტაციების პლატფორმა ფუნქციონირებს. მისივე განმარტებით, ფლატფორმა უწყვეტ რეჟიმში უწევდა კონსულტაციას ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნარკოლოგის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და ასევე იურიდიული კონსულტაციის დახმარებას საჭიროებდნენ. ლაშა კილაძის განმარტებით, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც მათ ცენტრს მიმართავს, ასევე ხელმისაწვდომია ფსიქიატრის კონსულტაციაც.
"ჩვენი ცენტრის ბაზაზე რამდენიმე თვეა უკვე ფუნქციონირებდა ჩვენი პოლონელი პარტნიორების დახმარებით და პოლონეთის ანტინარკოტიკული ბიუროს უშუალო აქტიური მონაწილეობით, ჩვენი ცენტრის ბაზაზე რამდენიმე თვეა ფუნქციონირებდა ონლაინ სერვისების და კონსულტაციების პლატფორმა, რომელიც 24 საათის განმავლობაში, ადამიანს, რომელსაც შესაბამისი პრობლემები ჰქონდა, უწევდა პროფილურ კონსულტაციას. ეს იყო ნარკოლოგის კონსულტაცია, ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის, ასევე იურიდიული კონსულტაცია.
ამ ახალ რეალობასთან დაკავშირებით, აღნიშნულ პლატფორმაზე დავამატეთ ფსიქიატრის და ფსიქოლოგის კონსულტაციები, რომლებიც ასევე უწყვეტ რეჟიმში ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც შევა საიტზე და კონკრეტული კითხვით მიმართავს ჩვენს სპეციალისტებს.
გარდა ამისა, განუწყვეტლივ რეჟიმში მუშაობს ჩვენი ცენტრის ქოლცენტრი, რომელიც ასევე სატელეფონო კონსულტაციებსა და დახმარებას უწევს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაგვიკავშირდება.
პარალელურად დადგა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ამის თაობაზე ჩვენ მოგვმართეს დაახლოებით 2 კვირის წინ თხოვნით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო კლინიკური ფსიქოლოგების და ფსიქიატრების დისტანციური კონსულტირება ყველაზე მოწყვლად ჯგუფთან, რომელიც უკავშირდება დუშეთის და მარტყოფის თავშესაფრის ბენეფიციარებს. მინდა გითხრათ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ეს სერვისი აქტიურად მუშაობს," - აცხადებს ლაშა კილაძე.