საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ავსტრიიდან დაბრუნდებიან. ჩარტერულ რეისს ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ასრულებს. მგზავრთა შორის არიან არასრულწლოვნები, ხანდაზმულები, სტუდენტები და ორსულები. Myway Airlines-ის კუთვნილი ბოინგით ქვეყანაში 110 მგზავრი დაბრუნდება.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ქობულაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეკომენდაცია შესრულდება და მგზავრები 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
"ჩვენი ინფორმაციით, მგზავრები თავდაპირველად შემოწმებას გაივლიან აეროპორტში, შემდეგ კი ისინი გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. რაც შეეხება ბილეთს ფასს, შეადგენდა 199 ევროს. რეისის დაგეგმვის და შესრულების პროცესში სრულად ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს," - აცხადებს თამარ ქობულაშვილი.
ფრენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"15 მაისს შესრულდება ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომელიც მხოლოდ იმ მოქალაქეებს მოემსახურება, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე იმყოფებიან და აქვთ სურვილი ამერიკიდან დაბრუნდნენ სამშობლოში. ეს არის როგორც ჩრდილოეთ ამერიკა, ასევე სამხრეთ ამერიკაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები.
6 მაისს დაიგეგმა ჩარტერი თბილისი-რიადი-ამანი-თბილისი, რომელიც ამ ქალაქებიდან, საუდის არაბეთიდან და იორდანიიდან 80 მოქალაქეს დააბრუნებს," - აცხადებს მიხეილ ნინუა.