რამდენი ექიმია ინფიცირებული კორონავირუსით - ამ კითხვას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი არ პასუხობს. გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში სადაც COVID-19-ით ყველაზე მეტი პაციენტი მკურნალობს, კორონავირუსი 8 თანამშრომელს დაუდასტურდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ ბოლო კვლევის შედეგები საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მიიღეს. COVID-19 იმ გინეკოლოგს დაუდასტურდა, რომელიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ცხელების ცენტრში ვირუსის სიმპტომებით იმყოფებოდა. ინფიცირებულებს შორის არიან ექიმები და ექთნები.
საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალის ინფიცირების წყარო უცნობია. კლინიკის ადმინისტრაცია საკუთრი თანამშრომლების დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში უარყოფს.
სამედიცინო პერსონალის ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი გახდა ცნობილი რამდენიმე საათის წინ მარნეულშიც. COVID-19 სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო სავარაუდოდ, სასწრაფო დახმარების ექიმია, რომელსაც შეხება თეთრიწყაროს კლასტერთან ჰქონდა. გახდება თუ არა, მარნეული კიდევ ერთხელ ეპიდაფეთქების ზონა, ეს იმ კვლევებზეა დამოკიდებული, რომელსაც სპეციალისტები ამ წუთებში ატარებენ. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების კონტაქტებს სწავლობენ - პარალელურად მარნეულში ექიმების მასობრივი ტესტირება იწყება.
COVID-19-ის გავრცელების გამო, უსაფრთხოების ზომები ისევ გამკაცრებულია გორის რაიონის სამ სოფელში - თერგვისში, კარალეთსა და ფლავში მცხოვრები 80 ადამიანი ამ დრომდე თვითიზოლაციაში რჩება. ახალი კლასტერი გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდას უკავშირდება, კორონავირუსი მასთან კონტაქტში მყოფ სამ პირს უკვე დაუდასტურდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 23 მოქალაქეს კი, ახალი ვირუსი არ აღმოაჩნდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 25 თანამშრომელია ინფიცირებული, აქედან 21 მარნეულის კლასტერია.