18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ქვეყანა შიდა გავრცელების პერიოდიდან მე-7 კვირაში შედის, მოსახლეობამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ე.წ. მასობრივი კვლევის ღონისძიებები კვლავ უნდა აღდგეს, მათ შორის თერმოსკრინინგი და მოსახლეობამ კი მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ქვეყანა, შიდა გავრცელების დაფიქსირების პერიოდიდან მეშვიდე კვირაში შედის. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია აუცილებელია, განსაკუთრებით მარნეულში, რადგან იქ დიდი რაოდენობით ეთნიკურად აზერბაიჯანლია, რომლებთანაც ორენოვანი ინფორმირებაა საჭირო.

"აუცილებელია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. რეგიონში დიდია რაოდენობა ეთნიკური აზერბაიჯანელებისა, ჩვენი ძმების და დების, აუცილებელია ორენოვანი კომუნიკაცია მათთან, რათა დავაჯეროთ, რომ მთლიანად, რაც მსოფლიოში ხდება, არ არის სურდო და ალერგია. ეს არის სერიოზული კორონავირუსული ინფექცია და მას მსოფლიოში უკვე გამოვლენილთა 7 პროცენტი შეიწირა," – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო პიკამდე ნაკლები დაზიანებით მოდის, ახლა კი პიკურ პერიოდშია.

"ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვთ, მიმართონ ექიმს,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა.

მარნეულში რეგიონის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტსა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

დღის ამბები