18 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
სალონების მომსახურების ფასები შეიძლება გაიზარდოს - მუშაობას ისინი 5 კვირაში აღადგენენ

5 კვირაში სილამაზის სალონები მუშაობას აღადგენენ, თუმცა ეს შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს, რადგან დღეს ცნობილი გახდა, რომ მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებული ნაბიჯები, ერთი კვირით ადრე უკვე გადაიდგა.

თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება, წესით, სალონებიც მალე უნდა გაიხსნას. სალონების გახსნისთვის აუცილებელი რეგულაციების შესრულების შესახებ "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში "საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა" თამუნა შარაშენიძემ ისაუბრა. როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, ახალი წესების გამო სალონებს ფინანსური ხარჯი გაეზრდებათ, რადგან დისტანციური თერმოსკრინინგისთვის თერმომეტრის, ნიღბებისა და დამატებით სასტერილიზაციო ხსნარების შეძენა მოუწევთ.  

"ეს ეხება თერმოსკრინინგის თერმომეტრს, რომელიც არის დისტანციური თერმომეტრი, რომელიც, როგორც ამბობენ, არის ძალიან ძვირიანი. ჩვენ შევეცდებით, რომ მოვიპოვოთ ის ორგანიზაციები და გამოვაქვეყნოთ მათი სია, რომლებიც შედარებით იაფად ყიდიან ამ დეზობარიერებს და თერმომეტრებს. რაც შეეხება სასტერილიზაციო ხსნარებს - ისედაც უნდა ჰქონოდათ, რადგან ამას კანონი გვავალდებულებს და, შესაბამისად, უნდა ახორციელებდნენ. თუმცა, აქ არის რაოდენობის გაზრდაზე, აუცილებლად დაგვჭირდება უფრო დიდი რაოდენობით ეს სითხეები. საუბარია ნიღბებზე და ფარებზე, პლუს, ნიღბების ფასიც გაიზარდა და ეს ყველაფერი ალბათ იმოქმედებს განფასებაზე. თუმცა, ეს თითოეული სალონის გადასაწყვეტია და ამ ფასებს არავითარი რეგულაცია არ ახლავს და რამდენად გაზრდიან და გაზრდიან თუ არა, მათი გადასაწყვეტია,"- განაცხადა თამუნა შარაშენიძემ.

თამუნა შარაშენიძემ მოუწოდა სალონების მფლობელებს, ბიზნესი დაარეგისტრირონ, რათა გახსნის უფლება მიიღონ.

"პირველ რიგში, თქვენი ბიზნესი უნდა დაარეგისტრიროთ. ამის გარეშე წარმოუდგენელია რაც არ უნდა ეცადოთ, რომ გაიხსნათ. ჯერ, პირველ რიგში, უფლება უნდა მიიღოთ, რომ მოვიდეს თქვენთან შრომითი ინსპექციის თანამშრომელი, შეამოწმოს რამდენად აკმაყოფილებთ რეგულაციებს და ამის შემდეგ შეგიძლიათ, 8 ივნისიდან გაიხსნათ და იმუშაოთ,"- განაცხადა თამუნა შარაშენიძემ.

დღის ამბები