"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ითხოვენ. ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ ზაზა აბაშიძის განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულია. პარტიამ წერილით პროკურატურას ოფიციალურად მიმართა.
"საქართველოს აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების მიმართ სოციალური ქსელებით კეთდება აგრესიის შემცველი განცხადებები. ამ ვითარებას უფრო ამძიმებს ის, რომ ასეთ განცხადებებში შემჩნეული არიან კონკრეტული საჯარო თანამდებობის პირები. თქვენ იცით, რომ 2 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზაზა აბაშიძემ გააკეთა facebook-ში გააკეთა კომენტარი, სადაც მოუწოდებდა ერთ-ერთ სოფლის ეთნიკური აზერბაიჯანული სოფლის მოსახლეობის მიმართ ეთნიკური შუღლის შემცველ განცხადებებს. მოვითხოვთ პროკურატურისგან, რომ 239-ე მუხლის პრიმა მუხლის შესაბამისად მოხდეს ამ პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ სოციალურ ქსელში ეთნიკური აზერბაიჯანელების მისამართით კომენტარები გააკეთა. საუბარია ქვემო ქართლში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მედპერსონალს ადგილობრივებმა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის პროცესში ხელი შეუშალეს.