იტალიაში უმძიმესი კარანტინის შემდეგ მთვარობის გადაწყვეტილებით მკაცრი ზომები შემსუბუქდა. მუშაობა განაახლა ბიზნესის იმ ნაწილმა, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია. "კოვიდ-19"-ით დაღუპულთა რიცხვი ქვეყანაში 29 ათასს გასცდა.
პანდემიასთან დაკავშირებით ამერიკის თავდაცვის მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებას დღეს იტალიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მარკ ესპერმა გუშინ რუსეთი და ჩინეთი ევროპაში განხეთქილების პროვოცირებაში დაადანაშაულა.
მსოფლიოს ლიდერები ახლა კორონავირუსის წამოშობის და გავრცელების გზებს იკვლევენ. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის წარმოშობა ჩინეთის ველური ცხოველების ბაზრობას დღეს პირდაპირ დაუკავშირა. ამ განცხადებით სკოტ მორისონმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თეორია უარყო, მაიკ პომპეოს აზრით, ვირუსი ჩინურ ლაბორატორიაში შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ვირუსების კვლევის ინსტიტუტსა და ველურ ცხოველთა ბაზარს ერთმანეთისგან 13 კილომეტრი აშორებს, რამდენიმე კვირის წინ სკოტ მორისონის მზაობას, უხანში დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, ჩინეთმა მწვავედ უპასუხა.
პომპეოს პოზიციას ვირუსის ადამიანის ხელით შექმნის შესახებ არ იზიარებს შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი. მისი განცხადებით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში არ შექმნილა.
რეგულაციები შემსუბუქდება თურქეთშიც. ქვეყნის პრეზიდენტი რეგულაციების სრულად გაუქმებას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა სოციალური დისტანციის წესებს დაიცავს. 11 მაისიდან თურქეთში სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონებიც გაიხსნება.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ 130,000-ს მიაღწია, გარდაცვლილია 3,500-მდე პაციენტი.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონ 600 ათასს გასცდა. აქედან მილიონ 200 ათასზე მეტმა პაციენტმა "კოვიდ 19" დაამარცხა . 252 ათასზე მეტი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.