18 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მილიონობით ლარის ზარალი საგამომცემლო სექტორში - დათანხმდება თუ არა მთავრობა გამომცემლების შეთავაზებულ გეგმას

საგამომცემლო სექტორს პრობლემებიდან თავის დაღწევაში 9 პუნქტიანი გეგმის შესრულება უნდა დაეხმაროს. "წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ" დათვალა და დაადგინა, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში სექტორს 6 მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ასოციაციის პროგნოზით კი, მაისის დასასრულს ეს ციფრი 12 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ასოციაციის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ადრესატი სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიცაა. გამომცემელთა ასოციაცია სახელმწიფოს ბანკებთან შუამავლობას სთხოვს, რათა სექტორის წარმომადგენლებისთვის საფინანსო ორგანოებმა გრძელვადიანი უპროცენტო სესხები გასცენ. არსებულ ვალდებულებებზე კი, შემცირდეს პროცენტი და დაწესდეს ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდი.

მიუხედავად იმისა, რომ 27 აპრილიდან ონლაინვაჭრობა საქართველოში ოფიციალურად აღდგა, გამომცემელთა უმრავლესობისთვის კრიზისული პერიოდი კვლავ გრძელდება და ხარჯები შემოსავალზე მეტად ეზრდებათ. რთულ ეკონომიკურ პერიოდში ადამიანები ონლაინწიგნების ყიდვას ერიდებიან.

გეგმის შესრულების შემთხვევაში ხელისუფლებამ წიგნის გამავრცელებლები საშემოსავლო გადასახადისგან 6 თვის განმავლობაში სრულად უნდა გაათავისუფლონ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კი, არსებული და განსახორციელებლად დაგეგმილი სამომავლო პროექტების დაფინანსება უნდა გაზარდოს. გეგმა, როგორც ავტორებისთვის, ასევე გამავრცელებლებისთვის სხვადასხვა ტიპის გრანტების გამოყოფასაც ითვალისწინებს. უწყებაში სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და საკითხზე მუშაობის დაწყების მზაობას გამოთქვამენ.

საგამომცემლო სექტორსა და წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოებაში არსებულ კრიზისულ სიტუაციას ერთ-ერთი მთავარი ონლაინ და ბეჭდური საგამომცემლო მედია გამოეხმაურა. ამერიკული ონლაინ პლატფორმა 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მზადებისთვის პროცესისთვის დაწყების საკითხს შეეხო. თბილისი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გასულ წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელდა.

საგამომცემლო საქმიანობაზე სახელმწიფო შეზღუდვები ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე, 25 მაისიდან მოიხსნება. წიგნის მაღაზიები კი, მუშაობის განახლებას 1 ივნისიდან შეძლებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები