"შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკას ყველაზე ნაკლებად ურტყამს, ესაა კომენდანტის საათი და მისგან პოზიტიური შედეგი მეტია,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, კომენდანტის საათი, გარკვეულწილად, პოზიტიური შეზღუდვაა, რადგან მისგან სარგებელი მეტია, ვიდრე ზარალი.
"ეს არის შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკას შედარებით ყველაზე ნაკლებად ურტყამს. მე არ ვამბობ, რომ არ ურტყამს - მაგრამ ყველაზე ნაკლებად რაც კი შეიძლება აზიანებდეს ეკონომიკას, ეს არის კომენდანტის საათი. რადგან ეკონომიკური აქტიურობა 9 საათის შემდეგ არის შედარებით ნაკლები და მეტი არის აქედან მიღებული ფიდბექი, პოზიტივი, საიმისოდ, რომ ადამიანების კომუნიკაცია და ვირუსის გავრცელების რისკი იყოს ნაკლები. ამის არგაგება წარმოუდგენელია. თუ ეს შეზღუდვა ნაკლებად აზიანებს ეკონომიკას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის პოზიტიური შეზღუდვა, რომელმაც უკვე გამოიღო სხვა შეზღუდვებთან ერთად ის შედეგები, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს.
ერთადერთი, რაც კომენდანტი საათის შემოღების მიზანია, არის ის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდეს და რისკები შემცირდეს მინიმუმამდე. მე ნამდვილად არ მესმის იმ პოლიტიკოსების განცხადებების, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ ხვდებიან, ამ შემთხვევაში რა სარგებლობა მოაქვს კომენდანტის საათს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ადამიანს შეიძლება გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდეს დღის განმავლობაში ადამიანების რაღაც რაოდენობასთან, ერთი იმდენს შეიძლება ჰქონდეს 9 საათის შემდეგ. საქართველოში ვცხოვრობთ, ქართული სტუმრიანობაც ვიცით,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.