საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო დაჯარიმების შემთხვევას აპროტესტებს. მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, 7 ათასი ადამიანია დაჯარიმებული და თითქმის მათი ნახევარი კომენდანტის საათის დარღვევას უკავშირდება. ანა დოლიძე ამბობს, რომ დაჯარიმებული მოქალაქეების უმეტესი ნაწილი თანხის გადახდას ვერ შეძლებენ და ამით კიდევ უფრო მეტი ოჯახი გაღარიბდება.
"დღეს მდგომარეობით, დაახლოებით 7 ათასი ადამიანი არის ოფიციალური მონაცემებით დაჯარიმებული, მათგან უმეტესი და 50%-მდე არის დაჯარიმებული კომენდანტის საათის დარღვევისთვის, თუმცა ნაწილი დაჯარიმებულია თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის და ა.შ. ჯარიმა, რომელიც შემოღებულია, მოგეხსენებათ, ეს არის სულ მცირე 3 ათასი ლარი და იურიდიულ პირზე მეტი. ჩვენ მოქალაქეთა უმეტესობას არ ექნება საშუალება, რომ გადაიხადოს ეს 3 ათასი ლარი და ეს ნიშნავს, რომ, თუ მათ არ გამოიყენეს დღესდღეობით ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი და თავი არ დაიცვეს, სასამართლოს წინაშე თუ არ გაიმართლეს თავი და არ მოახსნევინეს ეს ჯარიმა, 7 ათასი ოჯახი წავა კიდევ უფრო დიდი გაღარიბების გზაზე. მათ დაუყადაღებენ ანგარიშებს, დაუყადაღებენ ქონებას და ისედაც ღარიბი მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება," - აცხადებს ანა დოლიძე.
დოლიძე ამბობს, რომ მოქალაქეებს რომლებმაც უკიდურესი აუცილებლობის გამო დაარღვიეს კომენდანტის საათი და ამის გამო დაჯარიმდნენ, მათ შეუძლიათ საერთო სასამართლოში გაასაჩივრონ და შესაბამისი მტკიცებულებები მოიყვანონ.
"გადარჩენილი სიკეთე უფრო დიდი მნიშვნელობის არის, ვიდრე ის დარღვევა რომელიც მოქალაქემ ჩაიდინა. სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ყველა ეს დეტალები უნდა იყოს განხილული," - განაცხადა ანა დოლიძემ.