18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"ფეისბუქზე" ბევრი ყალბი გვერდი იქმნება ექიმების სახელითაც, რომელთაც საზოგადოების დიდი ნდობა აქვთ - DFR ლაბორატორიის მკვლევარი

"ფეისბუქის" მიერ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი გვერდების დაბლოკვა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ინფორმაციის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს DFR ლაბორატორიის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ყალბი Facebook პროფილი იქმნება ექიმების სახელითაც, რომელთა მიმართაც, ბოლო პერიოდში, საზოგადოებას განსაკუთრებული ნდობის ფაქტორი აქვს.

"ეს გვერდები ებრძოდნენ სხვადასხვა აქტივისტს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს. რამდენიმე გვერდი ახდენდა ექიმების იდენტიფიცირებასაც, ექიმების თემა მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ ექიმებს ძალიან დიდი ნდობის კრედიტი მისცა, ამიტომ მათ მიერ ნათქვამი ნებისმიერი ინფორმაცია დასაყრდენი და სანდოა. ალბათ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამ გვერდების შექმნა. იყო ლევან რატიანის სახელით შექმნილი ყალბი გვერდი, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით იწერებოდა სწორი ინფორმაცია, თუმცა ალბათ ამ გვერდს შემდეგ სხვანაირად გამოიყენებდნენ,"- განაცხადა ეთო ბუზიაშვილმა.

ფეისბუქმა 800-მდე გვერდი დაბლოკა, რომელიც აფილირებული იყო "ქართულ ოცნებასთან", ჯამში საუბარია 150-მდე საიტზე.

მოძრაობა ”შეცვალეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ნოზაძე აცხადებს, რომ მისი გვერდიც სწორედ მაშინ გაუქმდა, როდესაც Facebook-მა დაიწყო ბოტების სოციალური ქსელიდან წაშლა, თუმცა, როგორც ნოზაძე აცხადებს, არავითარი კავშირი მის გვერდს არ ჰქონია პოლიტიკასთან.

"როდესაც "ფეისბუქმა" გააუქმა ყალბი ექაუნთები, შემდეგ "ქართული ოცნების" ბოტებმა დაიწყეს რეალური ადამიანების დარეპორტება. ამის შემდეგ გაუქმდა ჩემი გვერდიც - "ნუ მომკლავ" კონტენტი იყო, ჩვეულებრივი, არანაირი პოლიტიკური განცხადებები ჩემთან არ იყო. ყველამ იცის, რომ თუ ბევრი ადამიანი დაგარეპორტებს, გაუქმდება გვერდი,"- განაცხადა ნიკა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა ასობით ქართული ანგარიში წაშალა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილია ქართულ გამოცემა "ეს-პერსონასთან" დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ-ანგარიში. ფეისბუქის ინფორმაციით "ეს-პერსონა" კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის და ქსელის უკან მდგომი პირები ფიქციური პერსონების შესაქმნელად, ოპოზიციის ლიდერებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის სპეციალისტების განსახიერებისთვის, ასევე დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ. გვერდებზე ქვეყნდებოდა ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ კრიტიკული შინაარსის კონტენტი. მოცემული ანგარიშებიდან Facebook რეკლამებში დაახლოებით $30,000 დოლარი დაიხარჯა. 

დღის ამბები