ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის მიერ წარმოდგენილ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისულ გეგმას, საერთო ჯამში, პოზიტიურად აფასებენ. ამასთან, "შატო მერეს" ხელმძღვანელი, გიორგი პირადაშვილიმიიჩნევს, რომ გამოცხადებული გეგმა მხოლოდ სათაურია, რაც შემდგომში გამოცემული წესებით უნდა გამყარდეს.
მისივე შეფასებით, აუცილებელი იქნება გეგმის გახანგძლივება, რადგან შექმნილი კრიზისის დაძლევა 6 თვეში შეუძლებელი იქნება.
"ის, რაც გაჟღერდა და რაც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, ეს არის გეგმის სათაურები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩაღრმავება, ამის გამყარება მოხდება უკვე იმ წესებით, რაც მერე გამოიცემა ქვეპუნქტებად. საერთო ჯამში, ეს არის პოზიტიური, დანარჩენს მომავალში ვნახავთ. 6 თვეზეა გაწერილი ეს ყველაფერი, ალბათ უფრო გაგრძელდება და რაღაც დამატებითი ზომებიცაა მისაღები, რადგან არა მგონია, 6 თვეში ამხელა კრიზისიდან გამოსვლა იყოს შესაძლებელი. ვნახოთ, არ შეიძლება ყველაფერი ერთ ან ორ დღეში განსაზღვრო ადამიანმა,"- განაცხადა გიორგი პირადაშვილმა.
კომპანია "KMS Georgia"-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია წერეთელი მიიჩნევს, რომ გეგმის მთავარი პლუსი არის ის, რომ სექტორში ჩართული ბიზნესების 90%-ს თანაბრად ეხება.
"პოზიტიურია ის, რომ სექტორი იხსნება. ბუნებრივია, ეს ნებისმიერ სექტორში ჩართულ ბიზნესს შეეხება და კარგია, რომ ამოქმედების შესაძლებლობა მოგვეცა. სექტორში ჩართული ბიზნესების 90%-ს თანაბრად ეხება ის სამივე შეღავათი, სავარაუდოდ, რაც სახელმწიფომ გააჟღერა - ეს გახლავთ ქონების გადასახადის გაუქმება, სესხის სუბსიდირება და საშემოსავლოს ნაწილი. განსაკუთრებით, საშემოსავლოს ნაწილში, ვფიქრობ, საშუალებას მისცემს ბიზნესებს თანამშრომლები შეინარჩუნონ და იმ თანხებით, რაც გამოთავისუფლდება, მოახერხონ იმ გაზრდილი ხარჯების დაფინანსება, რომელსაც, ბუნებრივია, ეს ცვლილებები გამოიწვევს,"- განაცხადა მაია წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინეს, რაც ტურიზმის სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებს გულისხმობს.