18 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
პანდემიის შემდეგ ბევრი წესი დამკვიდრდება, რასთან შეგუებაც ტურიზმის სექტორს მოუწევს - ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე

დაახლოებით ხუთ კვირაში, საქართველოს ტერიტორიაზე შიდა ტურიზმის ამოქმედება დაიწყება, ხოლო, ივლისიდან ქვეყანა უცხოელ ტურისტსაც მიიღებს. ასეთია მთავრობის ხედვა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა გაასაჯაროვა. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაევალა, იზრუნოს საზღვრებზე, ვიზიტორთა კონტროლის გაძლიერებაზე. 

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ტალია კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ საზღვრების დროულად გახსნა კრიზისის დასაძლევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიზნეს სექტორმა პანდემიის შემდგომ პერიოდში ადაპტაცია შეძლოს.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჰაერო მიმოსვლის და საზღვრების გახსნის თემა, რაც სექტორს მისცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად დროულად დაიწყოს ბიზნესის გახსნა და ამოქმედება. ტურიზმი სრულიად ახალ რეალობაში გადადის. ასე ვთქვათ, პანდემიის შემდგომ პერიოდში ეს არის სრულიად ახალი გამოწვევა. რა თქმა უნდა, ბევრი ნორმა იქნება შემუშავებული და ბევრი წესები დამკვიდრდება, რასთან შეგუებაც ნამდვილად მოუწევს სექტორის წარმომადგენლებს,"- განაცხადა ტალია კვაჭანტირაძემ.

გიდების ასოციაციის თავმჯდომარის, ვახტანგ ბარკალაია თქმით, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, გიდებიც გაივლიან სპეციალურ გადამზადებას, რათა პოსტკრიზისულ პერიოდში გამართულად, რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედონ.

"ერთ-ერთი პუნქტი ამ ანტიკრიზისულ გეგმაში არის სწორედ გადამზადების პუნქტი, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში გამართულად, რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედონ ამ სექტორში დასაქმებულმა ყველა ადამიანმა, მათ შორის, რა თქმა უნდა, გიდებმაც. ამაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. როგორც აღინიშნა, ეს სფერო, ზოგადად, სპეციფიკურია საქართველოში და, აქედან გამომდინარე, შემდგომში საჭიროებს დამატებით მუშაობას,"- განაცხადა ვახტანგ ბარკალაიამ

ამავე თემაზე
დღის ამბები