18 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
არის თუ არა დროული დაწესებული შეზღუდვების მოხსნა​ და იქნება თუ არა საქართველოში ეპიდემიის მეორე ტალღა - ჯანმომ "კურიერის" კითხვებს უპასუხა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირტუალურ პრესკონფერენციას, სადაც პანდემიიდან გამომდინარე არსებული მდგომარეობა შეჯამდა, ევროპის ქვეყნების მედიის წარმომადგენლებთან ერთად "კურიერის" ჟურნალისტებიც დაესწრნენ. კითხები წინასწარ, ელექტრონულად გაიგზავნა. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებს ჯანმო საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას და არის თუ არა დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დროული.

ჯანმოს პასუხი ასეთია: საქართველო ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ვირუსის წინააღმდეგ ღონისძიებები ადეკვატურად და დროულად გატარდა, ამან კი თავის მხრივ განაპირობა ის, რომ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება და დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

"ვირტუალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ევროპის 43 ქვეყნის ნაწილმა გადაწყვიტა შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა, რომელმაც შესაძლოა, გარდამავალ პერიოდში საფრთხე შეუქმნას იმ სახელმწიფოებსაც, სადაც სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კარანტინის გამკაცრების რისკებს რეალურად ხედავს".

ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი, რომელიც მრავალი წელია გერმანიაში მოღვაწეობს, ამბობს, რომ პანდემიის დროს შეზღუდვების ნაადრევი მოხსნა სერიოზული პრობლემაა, მაგრამ პიკი უკვე გადავლილია და ფიქრობს, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად როგორც სხვა რესპირატორული ვირუსი, კორონავირუსიც აღარ იქნება. 

პანდემიიდან გამომდინარე, საქართველომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ორი კვირაა დაიწყო. მთავარი ეპიდემიოლოგი თენგიზ ცერცვაძე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ შემსუბუქების ეტაპებს შორის ფასდება, როგორია ქვეყანაში ეპიდსიტუაცია და ამის მიხედვით იდგმება შემდგომი ნაბიჯები. რადგან ვირუსის მახასიათებლები უცნობია, საქართველოს მოდუნების საშუალება არ აქვს.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მრავალმხრივი ინდიკატორით ფასდება. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირაა ვირუსით გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა აჭარბებს ყოველდღიურად  ინფიცირებულთა ახალ რაოდენობას. 10 დღეა შემცირდა რეგიონებში ტესტირებების პროცესი. მარტო აჭარის რეგიონში, სადაც ყოველდღიურად 400- 500 ტესტირება ტარდებოდა, ორი კვირაა ახალი ინფიცირებული პირები არ დაფიქსირებულა. მონიტორინგი მიმდინარეობს ქვემო ქართლში. გუშინ მარნეული 320-მდე პირი გამოიკვლიეს და არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. გაფართოებული კვლევები მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც.

ეპიდემიოლოგები, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია, მათ შორის, სოციალური დისტანცირების დაცვა. 

დღის ამბები