18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
საქართველოს უკვე აქვს კონკურენტული უპირატესობა უსაფრთხო ქვეყნის თვალსაზრისით - ტურიზმის სფერო სახელმწიფოს მარკეტინგული კამპანიის წარმოებას მოუწოდებს

ტურიზმის სფეროს ექსპერტ, კომპანია KMS -ის აღმასრულებელ დირექტორ მაია წერეთელს ტურიზმის ამუშავების კუთხით პოზიტიური მოლოდინები აქვს. როგორც მაია წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სტატისტიკა კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ტურისტების მოზიდვაზე დადებით გავლენას მოახდენს. 

"ქვეყანას უკვე აქვს კონკურენტული უპირატესობა უსაფრთხო ქვეყნის თვალსაზრისით. შესაბამისად, მე რომ უცხოელი ტურისტი ვიყო, ან ქვეყნის შიგნით გადაადგილებას ვაპირებდე, პირველ რიგში, გავარკვევდი, რომელ ქვეყანაში იყო ყველაზე ნაკლები გარდაცვალების ან ავადობის შემთხვევები. საქართველოს, ამ თვალსაზრისით, კონკურენტი თითქმის არა ჰყავს,"-განაცხადა მაია წერეთელმა.

მაია წერეთელი დარწმუნებულია, რომ ტურისტული ბიზნესი სირთულეებს დაძლევს, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაზე რთული, ტურისტების რაოდენობის შედარებით სიმცირე იყო. 

"რთული გამოწვევა იქნება ტურისტების შემცირებული რაოდენობა. ფსიქოლოგიური მომენტი იქნება, ვინაიდან, უამრავი ადამიანი. სხვადასხვა მოსაზრებებით, აღარ გეგმავს ამ ზაფხულს დასასვენებლად წასვლას და რთული იქნება, ისინი კვლავ დავარწმუნოთ ჩამოვიდნენ ჩვენთან სტუმრად. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული მარკეტინგული კამპანიები, რომელსაც სახელმწიფო უნდა ედგეს სათავეში, ქვეყნის როგორც ტურისტულად უსაფრთხო გადაადგილების გაპიარების თვალსაზრისით.

ქვეყნის შიგნით გადაადგილების უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი ინიციატივა ბუტიკ სასტუმრო სახლების, იმისათვის, რომ ოჯახებმა ლოკალიზებულად, ასე ვთქვათ, კლასტერის ფარგლებში შეძლონ დასვენება ამ სახლებში, ერთმა ან ორმა ოჯახმა და შეძლონ გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გვაქვს,"- განაცხადა მაია წერეთელმა.

მისივე მოსაზრებით, საქართველოს ტურისტი განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში უნდა გაპიარდეს

"რეკლამირება უნდა გავაკეთოთ ახლო მეზობელ ქვეყნებზე, საიდანაც ტურისტების უმრავლესობა საერთაშორისო ფრენების გარეშეც გვესტუმრებიან, თუნდაც სამანქანო გზით,"- განაცხადა მაია წერეთელმა.

დღის ამბები